top of page
tabula.jpg

,,აგენტების ამერიკული კანონი’’ VS  ,,რუსული კანონი აგენტების შესახებ’’

ფოტო: ტაბულა

  ფაქტი, რომ ტელეკომპანია ,,იმედი’’ ანტიდასავლურ ნარატივს ავრცელებს, ახალი ამბავი არ არის, თუმცა ე.წ. აგენტების კანონპროექტის ინიცირების შემდეგ ტელევიზიის მიერ დაჭერილი პოზიცია საკმაოდ ყურადსაღები იყო. პროცესის მიმდინარეობის მთელ პერიოდში ტელეარხი აქტიურ პროსამთავრობო პროპაგანდას ეწეოდა. კანონპროექტის ინიცირების პირველივე დღიდან მოყოლებული ტელეარხი უმრავლესობის ნარატივს ავრცელებდა და აქტიურად ადვოკატირებდა კანონპროექტს, რისთვისაც გვთავაზობდა სტატიებსა და სიუჟეტებს, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი კანონები მუშაობდა სხვა სახელმწიფოებშიც და რომ ამაში ახალი და პრეცედენტული არაფერი იყო. 

 ვიდრე უშუალოდ გადავიდოდეთ ტელეარხის პოზიციის მომოხილვაზე, თვალი გადავავლოთ უშუალოდ პროცესის მიმდინარეობას- იმას თუ როგორ მოხდა კანონპროექტის ინიცირება, მისი მიღება, როგორ მოჰყვა მას საპროტესტო აქციების ტალღა და როგორ დასრულდა პროცესი კანონპროექტის ჩაგდებით.

 კანონპროექტის ინიცირების პირველივე დღიდან იმედის სტატიებში ჟღერდება ნარატივი, რომ მსგავსი კანონები მოქმედებს ამერიკაში, ისრაელსა და ავსტრალიაში. მაგალითად, 17 თებერვლის ერთ-ერთ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორი კანონი მოქმედებს გერმანიაში ლობისტებისა და NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობაზე. სტატიის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგში ლობისტების რეესტრი მოქმედებს, სადაც ლობისტური ორგანიზაციები წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების, გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ბუნდესტაგის წინაშე დეტალურ ინფორმაციას წარადგენენ. კანონპროექტის მხარდამჭერი მესიჯების გააქტიურებასთან ერთად იკვეთება ტელეარხის ნარატივი.

Screenshot (231).png
Screenshot (232).png

 ტელეკომპანია იმედი ევროკავშირის დისკრედიტაცისაც კი არ ერიდებოდა. იმედის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ,,ხალხის ძალის’’ კანონპროექტს აკრიტიკებს იმის ფონზე, როდესაც უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექნის ინიციატივა ევროპარლამენტშიც გაჟღერდა. იმედი ,,ცნობისთვის’’ გვეუბნება, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონები სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ავსტრალიაში, დიდი ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში.

  ქრონიკის ჟურნალისტებმა კანონპროექტის ,,ანალიზი’’ შემოგვთავაზეს, სადაც ისინი იმეორებენ სამთავრობო რიტორიკას და ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამერიკულზე გაცილებით რბილია და რომ მსგავსი კანონი აშშ-სა და გერმანიაში მრავალი წელია მოქმედებს. იმედის კვირის რეპორტაჟში ირაკლი ჩიხლაძე საუბრობდა ,,ორმაგ სტანდარტებზე’’. ჟურნალისტი გამოხატავს გაოცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ის, რაც დაშვებული და მისაღებია, იკრძალება ჩვენთვის, ანუ საქართველოსთვის’’. ყოველივე ეს ნათლად წარმოაჩენს ტელეკომპანიის დამოკიდებულებასა და მოტივს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კანონპროექტისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რისთვისაც ჟურნალისტები შეცდომაში შემყვანი ნარატივის გავრცელებასაც არ ერიდებიან. შემაჯამებელ-ანალიტიკურ გადაცემებში აქტიურად მიმდინარეობდა კანონპროექტის მხარდამჭერი მესიჯების გავრცელება, არ გაჟღერებულა არც ერთი საწინააღმდეგო და კრიტიკული არგუმენტი. მიუხედავად რამდენიმე ჟურნალისტის მხრიდან დაფიქსირებული პროტესტისა, არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩა და კანონპროექტთან დაკავშირებულ პროცესებს იგი მხოლოდ სახელისუფლებლო ნარატივით აშუქებდა. 

განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, თუ როგორ ხდებოდა კანონმდებლობისათვის ,,აგენტების ამერიკული კანონის’’ სახელის მინიჭება. იმედი იყო ერთადერთი ტელემაუწყებელი, რომელიც კანონს ამგვარად მოიხსენიებდა და აქტიურად ცდილობდა ამ ტერმინის პოპულარიზებას, რასაც, რა თქმა უნდა, მანიპულაციური ხასიათი ჰქონდა და საზოგადოებაში კანონის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ფორმირებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული ტერმინი განსაკუთრებით აქტიურად შემოდის ხმარებაში მარტის აქციების პარალელურად.

Screenshot (229).png

,,იმედს’’ მაყურებლებისათვის არ მიუწოდებია ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას აღნიშნულმა კანონმა სახელწმიფოს ევროპულ კურსსა და დემოკრატიას. პროცესის მიმდინარეობისას ტელეარხი აშუქებდა მხოლოდ ერთი მხარის პერსპექტივას, არ აშუქებდა მათ, ვინც ღიად და აშკარად ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს და აქ საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ ხელოვანებზე, სპორტსმენებსა და მეცნიერ-მუშაკებზე. ტელეარხი აქტიურად იწვევდა სახელისუფლებლო ექსპერტებსა და პროპაგანდისტებს საკითხის გასაანალიზებლად, ისეთებს როგორებიც იყვნენ დავით ქართველიშვილი, დავით ზარდიაშვილი და სხვები, რომელთა განცხადებებიც  ცალსახად ანტიდასავლურ და რევანშისტულ გზავნილებს შეიცავს.

Screenshot (225).png

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ტელეკომპანია იმედი აქტიურად იყენებდა ფეისბუქ რეკლამებს თავისი ნარატივის გასავრცელებლად. Facebook Ads Library-დან ვიგებთ, რომ მარტის თვეში ტელეკომპანიის მიერ დარეკლამებული თითქმის ყველა პოსტი კობახიძისა და მდინარაძის განცხადებებია კანონპროექტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მარტის თვის რეპორტში რეკლამები მხოლოდ 13 მარტის შემდეგ იძებნება.

Screenshot (211)
Screenshot (209)
Screenshot (208)
Screenshot (210)
Screenshot (206)
Screenshot (205)
united-states-capitol-building.jpg

არის თუ არა ,,აგენტების ამერიკული კანონი’’ ნამდვილად ამერიკული?

  მიუხედავად ტელეკომპანია იმედის აქტიური მცდელობისა, კანონპროექტისათვის ,,აგენტების ამერიკული კანონის’’ სახელი მიეკერებინა, ცალსახაა, რომ კანონპროექტს ამერიკულ FARA-სთან საერთო არაფერი აქვს. 

  FARA-ანუ უცხოური აგენტების რეგისტრაციის ამერიკული აქტი, 1938 წელს იქნა მიღებული ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს აქცენტი ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკურ ლობირებაზეა გადატანილი. კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საჯარო გამჟღავნების ვალდებულებას აკისრებს და ეხება დაქირავებულ სუბიექტებს, რომლებიც აშშ-ში ლობირებენ და ადვოკატირებას უწევენ უცხო ქვეყნების მთავრობების, ორგანიზაციების ან ინდივიდების ინტერესებს.აშშ-ში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია იღებს უცხოურ ფინანსურ დახმარებას, თუმცა ისინი არ რეგისტრირდებიან უცხოურ აგენტებად. დღემდე FARA-ს რეესტრში არცერთი ადგილობრივი მედია არაა შეყვანილი და მას ამ სფეროში მხოლოდ ისეთი პროპაგანდისტული წყაროების წინააღდეგ იყენებენ, როგორიცაა რუსული RT და სხვა.

 

  განსხვავებით ქართული კანონპროექტისაგან, ამერიკულ აქტში უცხოური გავლენის აგენტობა არ არის მიბმული შემოსავლების რაოდენობაზე და აქ მტკიცების ტვირთი მთავრობაზეა. მართალია, ,,ხალხის ძალამ’’ კანონპროექტი გადმოთარგმნა, თუმცა ამერიკისა და საქართველოს კონტექსტი ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება, ამასთან ქართულ ანალოგში გამოტოვებულია პუნქტი, რომელის თანახმადაც ქვეყნის ეროვნული თავდაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები უცხოურ აგენტად რეგისტრაციის გამონაკლისები არიან.

Court hearing

    ანსხვავებით ამისა, ქართული კანონპროექტი პირდაპირ ეხმიანება რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა, შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ და მათი საქმიანობისა თუ ხარჯების შესახებ წლიური ანგარიში წარედგინათ. 2021 წლიდან აქტიურად დაიწყო რეესტრში მედიებისა და ჟურნალისტების შეყვანა – უცხოური აგენტის სტატუსი მიენიჭა თითქმის ყველა დამოუკიდებელ მედიას, ცალკეულ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებსა და პოლიტიკოსებს. აგენტის სტატუსი მიენიჭათ ამერიკის ხმას, რადიო თავისუფლებასა და სხვა დასავლურ გამოცემებს. 

 ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ რუსული კანონის ანალოგია და არ არის ,,აგენტების ამერიკული კანონი’’, როგორც ამას მთავრობა და ტელეკომპანია იმედი სკანდირებს.  აშკარაა კანონპროექტის ქართულ რეალობასთან არარელევანტურობა და ცალსახად მანიპულაციური ხასიათი.

ავტორი 
გვანცა ჩანგელია

ავტორი 
გვანცა ჩანგელია

© 2035 by Autono. Powered and secured by Wix

  • LinkedIn
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
bottom of page